საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს 27 თებერვალს აიღებს

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო"
თბილისის „დინამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალი სეზონი „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით გაიხსნება. პირველი ტურის ბოლო მატჩში კი თბილისური გუნდების დაპირისპირებას ვიხილავთ.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. ინფორმაციას „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდება – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ქვედა ლიგიდან დაწინაურებულ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება. „დინამოსა“ და „სამგურალს" შორის მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისის „დინამო“ - სერბეთის „რადნიკი“ - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამოელებმა“ პირველი საკონტროლო მატჩი წააგეს

ახალი სეზონის პირველ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება – საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება და პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი 28 თებერვალს შედგება. გორის „დილა“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე ქობულეთის „შუქურას" მიიღებს (18:00), ხოლო „თელავი“ წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას „კავკასიონი არენაზე“ „სამტრედიასთან“ გამართავს. რაც შეეხება სასტარტო ტურის ბოლო მატჩს, ის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის შედგება. ტურის ბოლო შეხვედრა 1 მარტს 19:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგის წინა სეზონი თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებთან ერთად ევროსაგზურის მოპოვება მეორე–მესამე ადგილებით ბათუმის „დინამომ“ და გორის „დილამ“ შეძლეს. ასევე ევროსარბიელზე ვიხილავთ საქართველოს თასის გამარჯვებულ „გაგრას“. გასულ სეზონზე ეროვნული ლიგიდან „ჩიხურა“ და თბილისის „მერანი“ დაქვეითდნენ, მათ ნაცვლად უმაღლეს ლიგაში ქობულეთის „შუქურა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ აღზევდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0