კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია GDS TV დააჯარიმა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ტელეარხების ოპერატორები და ტელეკამერები
ქართული ტელეარხების ოპერატორები და ტელეკამერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმი ეთერში 18:15 საათზე გავიდა, ხოლო კანონმდებლობის შესაბამისად მსგავსი ფილმი საეთერო ბადეში არ შეიძლება განთავსდეს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია GDS TV ეთერში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმის კანონდარღვევით განთავსების გამო 5.000 ლარით დააჯარიმა და მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება დაავალდებულა.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება მხატვრულ ფილმს „მამაცი გული“, რომელიც ძალადობის, მკვლელობისა და სექსუალური ხასიათის სცენებს შეიცავს. აღნიშნული ფილმი ტელეკომპანიამ სამაუწყებლო ბადეში კანონმდებლობით შეუსაბამო დროს და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების გარეშე განათავსა.

„ეთერში ფილმი 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ნიშანდებით 18:15 საათზე გავიდა, მაშინ როდესაც 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ფილმი, კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება განთავსდეს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ტელეარხების ოპერატორები და ტელეკამერები - Sputnik საქართველო
„გნებავთ, ამოჭერით“: ტელეკომპანია „ფორმულა“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გამო დააჯარიმეს

როგორც კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ძალადობისა და მკვლელობის კადრების შემცველი გადაცემა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის, ხოლო სექსუალური სცენისა და სიშიშვლის ამსახველი კადრების შემცველი გადაცემა 15 წლამდე მოზარდებისთვისაა შეუსაბამო.

აღსანიშნავია, რომ ფილმს ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association – MPA) მიერ მინიჭებული აქვს R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის.

კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა გამოიყენა, რადგან ტელეკომპანიის წარმომადგენელმა სამართალდარღვევა თავადაც აღიარა.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესში შესული ცვლილებები 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა, ამიტომ მაუწყებლებს სჭირდებათ გარკვეული დრო სამაუწყებლო ბადეების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი ეძლევათ მოქნილი მექანიზმი, შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

  • ტელეკომპანია GDS 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ დააარსა. 2016 წლის დეკემბერში განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის „იმედი“, GDS და შპს „სტუდია მაესტრო“, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ მართავს, ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანდნენ. 
ყველა ახალი ამბავი
0