საპროტესტო ტალღა 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება, თუმცა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში აკრძალვები 1 მარტამდე შენარჩუნდება. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დიდი ქალაქების მკვიდრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაა.
თბილისში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. თუმცა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ დადებითობის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
ამავდროულად საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.