ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ერევნიდან ესტუმრება. ის უკვე იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.
თავისი რეგიონული ტურნე მოჰამად ჯავად ზარიფმა აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო, დღეს კი სომხეთს ესტუმრა. ტურნეს დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტს ქვეყნებში, რომლებთანაც მთიან ყარაბაღში კრიზისის მოგვარების საქმესა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხზე შესაძლებელია თანამშრომლობა.
რაც შეეხება საქართველოს, ვიზიტისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. შეხვედრა დაიგეგმა ასევე მინისტრის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან. თუმცა სამშაბათს გაირკვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
რას უნდა ველოდოთ?
პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის თქმით, მოჰამად ჯავად ზარიფის საქართველოში ვიზიტი შედგება ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დათბობის ფონზე. პოლიტოლოგის აზრით, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მოსვლით ირანისადმი დამოკიდებულება გადაიხედება.
„როგორც მოგეხსენებათ, ბაიდენმა უკვე მოუხსნა შეზღუდვები მოგზაურებს ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ირანიდან. ასევე ცნობილია, რომ ტრამპი გამოვიდა ირანული შეთანხმებიდან, რაც ბევრისთვის არასასიამოვნო იყო. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამ მიმართულებით დათბობა დაიწყება. შესაბამისად, ირანმა ეს მშვენივრად იცის და აპირებს მაქსიმალური მოგების მიღებას“, - აღნიშნა სიხარულიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, აქტუალური იქნება კავკასიის რეგიონული დღის წესრიგიც.
„ნათელია, რომ თურქეთს აქ ხუთეულის ლიგის, რეალურად თავისი პლატფორმის შექმნა უნდა, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ერთად წამყვან ძალად ჩამოყალიბდება. როგორც ჩანს, ირანსაც არ სურს ჩამორჩეს მოვლენებს და პროცესში ჩართვის სურვილი აქვს. როგორც უნდა იყოს, სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთის იმპერია, ოსმანთა იმპერია და სპარსეთის იმპერია. როგორც ჩანს, ახლა ასეთივე ფორმულაში აღმოვჩნდით“, - განაცხადა სიხარულიძემ.
პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთისა და ირანის ურთიერთობის დათბობა საქართველოსთვის ხელსაყრელია.
„საქართველოს შეუძლია ირანთან უფრო ღიად თანამშრომლობა იმ მიმართულებებით, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია - ესაა იმპორტი, ენერგეტიკული საკითხები. ანუ ყველაფერი, რამაც შეიძლება შეამციროს საქართველოზე თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციის ზეწოლა. ამიტომ ეს ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა სიხარულიძემ.
სავაჭრო ურთიერთობები
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს 71,2%-ით შემცირდა და 74,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ასეთია „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემები.
2019 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 187,1 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წელს საქართველოდან ირანში 29,1 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც დაახლოებით 60%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.
ირანიდან საქართველოში კი 76%-ით ნაკლები პროდუქცია შემოვიდა, ვიდრე 2019 წელს - სულ 45,2 მლნ დოლარის ღირებულების.
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს ირანიდან საქართველოს 141 997 ირანის მოქალაქე ესტუმრა. ერთი ვიზიტის ხარჯი დაახლოებით 600 დოლარია.
მთლიანობაში 2019 წელს ირანის მოქალაქეთა ტურისტულმა ხარჯმა შეადგინა 160,7 მილიონი ლარი.
2020 წელს საქართველოში ჩამოსულ ირანელთა რაოდენობა 88%-ით შემცირდა და 17 053 ადამიანი შეადგინა.
დიპლომატიური ურთიერთობა
საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, მაგალითად, პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი, რომელიც არსებითად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
გარდა ამისა, საქართველო და ირანი თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო უწყებების დონეზე.
ირანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 2014 წლიდან იოსებ ჩახვაშვილს უკავია. ხოლო საქართველოში ირანის დიპლომატიურ უწყებას 2013 წლიდან აბას თალები-ფარი ხელმძღვანელობს.