თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. მთავრობა ამ ეტაპზე შესაძლებლად მიიჩნევს აჭარის სრულ გახსნას, რადგან იქ ვითარება სტაბილურია და ინფიცირების დაბალი დონე ფიქსირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ე.წ. ჩაკეტილი უქმეების მოქმედება დარჩეს ბათუმში, გორში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში, სადაც 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას არ იმუშავებს ტრანსპორტი, კაფეები და რესტორნები, მაღაზიები და ბაზრობები.
„დარჩება შაბათი-კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ტრანსპორტის, სარესტორნო სექტორისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, აჭარაში 1 თებერვლიდან სკოლებში სასწავლო პროცესიც აღდგება.
ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული 742 ახალი შემთხვევიდან აჭარაში მხოლოდ 33 გამოვლინდა.