თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. როგორ უნდა ამოქმედდეს ქვეყანაში ბიზნესი ეტაპობრივად – ამ შინაარსის შეხვედრა რესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, რომელიც 1 თებერვლიდან უნდა დაიწყოს, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა სფეროს მოიცავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის აღდგენისთვის დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზებისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა იმ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც განხორციელდება შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით სხვადასხვა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ. განვიხილეთ 1 თებერვლის შემდგომი ეტაპები, რათა საბოლოო ჯამში ბიზნესი სრულყოფილად გაიხსნას და დარგებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერირება“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან კვების ობიექტები მხოლოდ აჭარაში განაახლებენ მუშაობას. ამასთან, რესტორნების თანამშრომლებს ორ კვირაში ერთხელ PCR-ტესტი უნდა ჩაუტარდეთ. მხოლოდ აჭარაში რესტორნებისა და კაფეების გახსნამ სხვადასხვა რეგიონებში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
კვირას მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.