თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება - „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.
გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.
გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.
საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.
„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.