თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა ქალმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი სახლის სხვენში რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუმჩნევლად ცხოვრობდა უცნობი მამაკაცი, წერს News.com.au.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ როკჰემპტონის მკვიდრმა მონიკა გრინმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში არაერთხელ შეამჩნია, რომ სახლში ზოგ ნივთს ადგილი ჰქონდა შეცვლილი, ან სულაც დაიკარგა. ქალი ამას ახსნას ვერ უძებნიდა მანამ, სანამ 18 იანვარს ჩვეულებრივზე ადრე არ დაბრუნდა შინ.
A terrified mom found a stranger had been living in her roof for three weeks after spotting objects mysteriously moving in her house. Monica Green, from Rockhampton in Queensland, Australia, noticed something was amiss when she saw things were out of place in her home. pic.twitter.com/ksY07fTAJb
— Sandy Jose (@SandyJo26896140) January 23, 2021
ექიმისგან მოულოდნელად ადრე დაბრუნებულმა მონიკამ აღმოაჩინა, რომ სახლში ვიღაცას კონდიციონერი ჩაერთო, სამზარეულოში დატოვებული ქათმის კატლეტების ნახევარი შეეჭამა, ხოლო შესასვლელი კარი ღია დაეტოვებინა.
ქალმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა სახლი დაათვალიერეს და ნახეს, რომ სხვენში ასასვლელი ლუკი ღია იყო, ხოლო სათვალთვალო კამერები — გამორთული.
„ეს საშინელებათა ფილმის სცენას ჰგავდა. რატომ იმალებოდა სხვენში? რა განზრახვა ჰქონდა? იქნებ ჩემი შვილის მოტაცება უნდოდა?“ — ამბობს შეშინებული მონიკა გრინი.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცველები იძიებენ ამ „უნიკალურ ინციდენტს“, რათა დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობა დაადგინონ.