თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს ხანებში გააუქმებს დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებას, რომელიც ტრანსგენდერებს არმიაში სამსახურს უკრძალავდა, იუწყება NBC News–ი თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებაზე დაყრდნობით.
President Biden will reverse the ban on transgender people serving openly in the military “in the coming days and weeks,” White House press sec. Jen Psaki says. https://t.co/CWfhyhGAsi
— NBC Out (@NBCOUT) January 20, 2021
მისი თქმით, პრეზიდენტის ეს ბრძანებულება არ შედის ბაიდენის უპირველესი მოქმედებების ძირითად გეგმაში, თუმცა შეტანილია დამატებითი ნაბიჯების სიაში და „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ გაიცემა.
როგორც NBC News–ი წერს, მანამდე ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მუშაობის პირველივე დღეებში გადახედავდა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ტრანსგენდერების მიმართ, თუმცა ეს ნაბიჯები სავარაუდოდ იმის გამო ყოვნდება, რომ აშშ–ის თავდაცვის მინისტრი ლლოიდ ოსტინი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული თანამდებობაზე.
ამასთან აშშ–ის ისტორიაში პენტაგონის პირველმა შავკანიანმა შეფმა 19 იანვარს სენატში მოსმენებისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს იმ ბრძანებულების გაუქმებას, რომელიც ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში ღიად სამსახურს უკრძალავს.
„თუ ხართ ჯანმრთელი, კვალიფიციური და შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ არმიაში სამსახურის სტანდარტები, მაშინ ამის უფლება უნდა გქონდეთ. მე მხარს დავუჭერ ამას“, — განაცხადა ოსტინმა მოსმენებზე.
ლლოიდ ოსტინის პენტაგონის შეფად დანიშვნასთან დაკავშირებული კენჭისყრის მომდევნო რაუნდი ხუთშაბათს გაიმართება წარმომადგენელთა პალატაში. სენატში კენჭისყრის თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა.