თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის ირაკლი ფანგანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დღესაც გაიმართება.
პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა – ფანგანმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.
აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა.
ფანგანი ორგანიზაციის ოფისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეოს სსკ–ის 156–ე („დევნა“) და 239–ე („ხულიგნობა“) მუხლებით.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.
„არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს... პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.
„მომხდარ ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ჯდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანის დასჯა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ორშაბათს პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვას გეგმავს.