თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა სოფლის მეურნეობის საკითხებზე ონლაინ მინისტერიალში, რომელიც ყოველწლიურად ათ წელიწადზე მეტია ბერლინში იმართება, ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ურთულესი გამოწვევის დროს, კოორდინირებული მუშაობით, არცერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.
„მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე სახელმწიფოს და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს სანიმუშო კომუნიკაციისთვის. ეს წარმატება ერთობლივი შრომის შედეგია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ფერმერების მხარდასაჭერად შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით პანდემიის პრევენციის და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებზე იმსჯელეს და მიიღეს კომუნიკე, რომელიც კლიმატის ცვლილების და პანდემიის პირობებში მსოფლიოს სასურსათო მარაგების უზრუნველყოფას და პანდემიის პრევენციას ეხება.