თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის სამდივნო აირჩიეს.
პოლიტსაბჭოს 21-წევრიანი შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომა დახურულ ფორმატში ერთ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მას პარტიის ახალი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა.
მმართველი პარტიის სამდივნოს შემადგენლობა ასეთია:
- გენერალური მდივანი - კახა კალაძე;
- პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი;
- საერთაშორისო მდივანი - კახა კუჭავა;
- რეგიონალური მდივანი - დიმიტრი სამხარაძე;
- აღმასრულებელი მდივანი - მამუკა მდინარაძე.
სამდივნოს არჩევის გარდა, სხდომაზე სხვა საკითხებიც განიხილეს.
„ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბუნებრივია, ჩვენი პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით ერთად შევძლებთ დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა განაცხადა პარტიის ახალარჩეულმა აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მანამდე ამ თანამდებობას იკავებდა პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ პოსტზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლის შემდეგ აირჩიეს.
მდინარაძის თქმით, პარტიული სტრუქტურებში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ იგეგმება.
„გავაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას. ჩვენ შევეცდებით, რომ გავაძლიეროთ რეგიონალური მიმართულებით მუშაობა. პარტიული სტრუქტურების რაიმე განსაკუთრებული ცვლილება როგორც ასეთი, არ იგეგმება“, - განაცხადა მდინარაძემ.
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.