თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა ამტკიცებს, რომ ქართულმა პოლიციამ მას ქვეყნის დატოვებაზე უარი უთხრა.
„დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - „გაწითლებული“ ხარო. შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი“, - დაწერა უგულავამ თავის Facebook-გვერდზე.
ამასთან პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მას ქვეყნის დატოვების შეზღუდვა არ აქვს.
გიგი უგულავა იყო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსი და 2005 წლიდან თბილისის მერი, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 22 დეკემბერს, სასამართლომ გაფლანგვის ბრალდებით ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით დაემატა ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის ბრალდება, და საერთო ჯამში უგულავამ საპატიმროში 2 წელი და 7 თვე გაატარა. 2017 წლის დასაწყისში უგულავა გათავისუფლდა და შეუერთდა „ევროპულ საქართველოს". ბოლო დრომდე პარტიაში ის ლიდერის როლს ასრულებს.
2020 წელს ის კვლავ დააკავეს, თუმცა შემდგომში ის პრეზიდენტმა შეიწყალა.