17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდ შეუცვალე ადგილი, გინდ არა!

© courtesy of Temur Tsiklauriსაქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური
საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თემურ წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ყველასთვის საყვარელი მომღერლის თემურ წიკლაურის დაბადების დღეა. ეს ინტერვიუ მისგან 2017 წელს, სწორედ ამ დღეს ჩავწერეთ. ამჟამად მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ბატონი თემური მალე გამოჯანმრთელდება.

ამ გულწრფელ, ბუნებრივ დიალოგს თითქმის შეუცვლელად გთავაზობთ.

ამის უფლება მის მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ და პირადად მან მომცა. ასე რომ, იმედია, ჩვენი საუბრის გარკვეულწილად თავისუფალ მანერას ყვითელი პრესისთვის ჩვეულ ფამილარობაში არ ჩამითვლით. 

- გამარჯობათ, ძალიან კარგ ადამიანს და არაჩვეულებრივ მომღერალს ვულოცავ დაბადების დღეს!

— მადლობა, ბალღო, გაიხარე!

- ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც დღემდე ბალღს მეძახის…

— ბალღი ხარ, აბა, ვინ ხარ? საერთოდ კი მინდა გითხრა, რომ ამ ქვეყნად რასაც დაირქმევ, ის ხარ!

- აი, თქვენ რას ირქმევთ?

— მეც ბავშვი ვარ! მართლა გეუბნები.

- ასაკს არ გეკითხებით…

— მკითხე რა, 17-ის ვარ და ამ ციფრებს გინდ შეუცვალე ადგილი, გინდ არა!

- როგორ მოახერხეთ, რომ ამ ასაკში ბავშვი დარჩით?

— როგორ და, გონით და გულით! მე რომ ვამბობ და ვმღერი, „გული არა ბერდება“–მეთქი, მართლაც ასეა! ცხოვრებაში ძალიან უნდა გინდოდეს, რომ თავისუფლად და გემრიელად იყო, ისე, როგორც ბავშვია.

- და გარემოებებმაც ხომ უნდა შეგიწყონ ხელი, არა?

— გარემოებები აბსოლუტურად არ მაინტერსებს! ზოგიერთ ტელევიზიაში არ მიწვევენ ხოლმე და მე მათ გამო ვერ შევიცვლები. მე მესმის, რომ ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც სიმღერის ახალი კულტურა შემოიტანა, მაგრამ მე არ შევიცვლები, რადგან ისე, როგორც მე ვმღერი, ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანას და ხალხს ესეც სჭირდება! მე მიყვარს, მაგალითად, სიმღერა სამშობლოზე, სიყვარულზე, კაცობაზე, რწმენაზე, მეგობრობაზე… განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს!..

- ჩემნაირებიც ხომ არიან და მე ხომ მესაუბრებით ამ თემებზე?

— შენ ერთი ცალი ხარ, რაა…

- ანუ, „შტუჩნი“ ვარ?

— ვაა, შტუჩნი? როგორ გამაცინე, შენ დახლს ქვეშ გადანახული ხარ!

- ახლა მთლად ნაფტალინში ნუ ჩამდეთ!..

— არა, კაცო, პირიქით ვთქვი: ყოველთვის ახალი ხარ და თან კარგი ადამიანი.

- იმდენს მაქებთ, ჩემი დაბადების დღე მგონია...

— იცი, რომ მე ახალ წელს არ ვიხდი ხოლმე? იმიტომ რომ ვთვლი, ახალი წელია ყოველთვის და მაშინ, როცა მიხარია!

- და როდის გიხარიათ ხოლმე? 

— მე მიხარია, როცა აღდგომაა, ქრისტეშობაა. საქართველოში ახალ წელს როცა უნდათ, მაშინ იხდიან. ეგრე ვარ მეც!

- მაშინ დღეს ახალ წელსაც გილოცავთ! ერთი წელი ხომ მოგემატათ? ჰოდა, გილოცავთ ახალ წელს!

— ახალი წელია, აბა, რა?! ისე, დაბადების დღის გადახდა ყოველთვის მრცხვენია ხოლმე, რა გავაკეთე ისეთი, რომ არიქა და შევძრა ქვეყანა და ეს დღე აღვნიშნო?

- დღეს ისეთები აღნიშნავენ პომპეზურად, რომ…

— მე სხვა რას აღნიშნავს, არ მაინტერესებს. სხვა ფინთ რაღაცებსაც აკეთებს, მეც გავაკეთო? 

- მარტო ერთს გეტყვით – ქართული ესტრადის და მუსიკალური ისტორიის ნაწილი ხართ… 

— მე ასე გეტყვით: ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა სხვებმა გააკეთონ. ის ნამდვილად ვიცი, რომ ისე ვიცხოვრე, აუგი არავის ვათქმევინე და დღემდე ქართულ ხელოვნებას და ქართულ საქმეს ვემსახურები! ახლა ჯერ უფალს არ უნდა, რომ ამ ეტაპზე ახალი პროექტი გავაკეთოთ, რადგან, ჩემი აზრით, ღმერთი რაღაც ძალიან დიდისთვის გვამზადებს. მარტო ჩემს თავს არა, „ივერიას“ ვგულისხმობ: ჯემალს, გიას, ვახოს, ნუგზარს… ამ ახლის საკეთებლად ყველანი მზად ვართ!..

- ბატონო თემურ, თქვენ „ფეისბუქზე“ ხართ? ერთი-ორი „თემურ წიკლაური“, მგონი, მე მყავს მეგობრებში და…

— არა, ისინი მე არ ვარ. ვიღაცებმა დადეს და ერთობიან. მე არ დამიდია! 

- აბა, ხალხმა როგორ უნდა გაარჩიოს ნამდვილი წიკლაური ფეიკისგან, ანუ არანამდვილისგან? 

— ცხვირით განასხვავებთ! ეგენი უცხვირპიროები არიან და მე ცხვირი მაინც მაქვს! თუ ცხვირი დაინახე, ე.ი. მე ვარ! მათგან არწივის ცხვირით გამომარჩევ! 

- თემურ წიკლაურს რას უსურვებთ? 

— აი, გინდა გაგანდო ახლა რას აკეთებს თემურ წიკლაური? — ჩუმად გავიგე: კლასიკური მუსიკის კონცერტს ამზადებს. ფილიპის არიას შევთავაზებ „დონ კარლოსიდან“, მურმანისა და აბესალომის პარტიებს „აბესალომ და ეთერიდან“, „სულო ბოროტოს“ ვიმღერებ. ეს ურთულესი არიები უკვე გაკეთებული მაქვს, ამას გარდა სამი ნეაპოლიტანური და ორი რუსული სიმღერა მზად მაქვს. ამას აპრილ-მაისში ვაპირებ. ბატონ ალეკო ხომერიკთან ერთად ვემზადებოდი. ეს ყველაფერი ოპერის თეატრში იქნება. აბა, მიკროფონში ხომ არ ვიმღერებ არიებს? „რადგან გატყობთ კმაყოფილობას, იქნება მეორე განყოფილობაც“. ბოლოს კლასიკას საესტრადო სიმღერებსაც მივაყოლებ. მინდა, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგე.

- წარმატებას, გამარჯვებას და თქვენთვის ჩვეულ მხნეობას გისურვებთ, ცხოვრებაში „გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარო“ - არასოდეს გეთქვათ!..

 

ყველა ახალი ამბავი
0