თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. პირველი თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების კვლევა დაიწყება. განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, გამოკვლევის მიზნით შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა 500 კოვიდგადატანილი პაციენტი, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა მათ პოსტკოვიდური გართულებები. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები მსოფლიოს მასშტაბით ჯერ არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს. გამონაკლისის სახით ჩატარდა ერთადერთი კლინიკური კვლევა ინგლისში.
„მათ კოვიდგადატანილი პაციენტებიდან 47 ათასი კაცი გამოიკვლიეს დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში, გაწერიდან 29.4% კლინიკაში შემოვიდა და 12.3 პროცენტი, ანუ ყოველი მერვე-მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, კოვიდგატადანილი პაციენტები საქართველოში ხშირად საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.
„თუ კოვიდის შემდგომ, განკურნებიდან ჩივილები მაშინვე გრძელდება, მაგალითად სისუსტე, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რამე, ამას ეძახიან გახანგრძლივებულ კოვიდს, ხოლო თუ გაჯანმრთელებიდან ერთი თვე გავა და მერე გაჩნდება ჩივილები, ამას უკვე პოსტკოვიდურ სინდრომს ეძახიან”, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძე.
მისი განმარტებით, ეს ორი პათოლოგია ერთმანეთისგან მკაცრადაა გამიჯნული და მსგავს პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაციები, საჭიროების შემთხვევაში კი სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ცერცვაძის თქმით, ერთი თვის შემდეგ ზუსტად იქნება ცნობილი, რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი, რა სიმძიმით, რა გამოხატულებით, რამდენს აქვთ სუნთქვის უკმარისობა, რამდენს გულის ჩივილები, სისუსტე, შფოთი, უძილობა და დეპრესია.
„ყველაფერ ამაზე პასუხი გვექნება კვლევის შემდეგ. ამის შემდეგ სამინისტრო ვარაუდობს, რომ შეადგენს პროგრამას, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებები უფასოდ მოემსახურებიან პოსტკოვიდური სინდრომით პაციენტებს, ოღონდ ეს პროგრამა შედგება და გაწერილი იქნება ამ კვლევის საფუძველზე”, - აღნიშნა ცერცვაძემ.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, შესაძლოა საქართველო პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ასეთ პროგრამას შეიმუშავებს.