თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადახედოს რვა პოპულარული სახეობის ნარკოტიკის შენახვისთვის დოზის დათვლის მეთოდს სისხლის სამართლებრივი დასჯის განსაზღვრის თვალსაზრისით. საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
საქართველოში ნებისმიერი სახის ნარკოტიკის შენახვა, გარკვეული რაოდენობის მარიხუანის გარდა, პატიმრობას ითვალისწინებს, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ამოღებული ნარკოტიკის მოცულობაზე. მაგალითად, მცირე რაოდენობაზე სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ექვს წლამდე პატიმრობას, დიდი რაოდენობით ნარკოტიკზე – ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შემთხვევაში – რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას.
საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა გადახედოს დოზებს შემდეგი სახის ნარკოტიკებზე: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეტადონი და ჰეროინი.
დღეს არსებული გრადაცია ნარკოტიკის მკაცრად განსაზღვრულ გრამებში გამოთვლას ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე სასამართლოს ხშირად უწევდა სკანდალური გადაწყვეტილებების გამოტანა და მოხმარებისთვის განკუთვნილი ერთი დოზის გათანაბრება ნარკოტიკის დიდ პარტიასთან.
კანონში ცვლილების შემდეგ მცირე რაოდენობად მიიჩნევენ დაახლოებით ერთ დოზა ნარკოტიკს, რომელიც საშუალოდ აუცილებელია ნარკოტიკული თრობისთვის და რომელიც თითოეული სახეობისთვის გრამებში სხვადასხვა იქნება. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა ასევე ნარკოტიკის სახეობიდან გამომდინარე გამოითვლება.
„ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახალი წესით გამოთვლის შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული, სამართლიანი და ჰუმანური სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია სამეცნიერო და ლაბორატორიულ კვლევებზე.
სარჯველაძის თქმით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ნარკოტიკების შენახვისთვის მსჯავრდებულებმა მიმართონ სასამართლოს თავიანთი საქმის გადახედვისთვის, რათა მათი სასჯელი შემსუბუქდეს.
ნარკოდანაშაული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში და მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ყველაზე გავრცელებულ დარღვევებში ქურდობისა და ოჯახური ძალადობის შემდეგ მესამე ადგილი უკავია.
ამასთან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გახსნა ქვეყანაში ყველაზე მაღალია და საშუალოდ 70%-ზე მეტს შეადგენს.
ყველაზე მკაცრად საქართველოში ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ისჯებიან.
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ შედარებით ლოიალური დამოკიდებულებაა. მარიხუანის მოწევა საკუთარ სახლში მარტო ყოფნისას დანაშაული არაა. თუ ადამიანს ამ ნარკოტიკის დოზა აღმოაჩნდა, მას მხოლოდ აჯარიმებენ.
ნარკოდამოკიდებულებს ცხოვრება გაუმარტივდათ: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება>>
საქართველოში დიდია ჩამონათვალი იმ პრეპარატებისა, რომლებიც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფში შედის და რომელთა რეალიზება რეცეპტის გარეშე დანაშაულად ითვლება. ეს ჩამონათვალი მუდმივად ივსება, რათა აღიკვეთოს სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელება.