თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ გამოსათხოვარ ცერემონიას ჩაატარებს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს, იუწყება გამოცემა The Guardian.
გამოცემის ცნობით, ღონისძიება მერილენდის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება ოთხშაბათს, ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს სურს, რომ პრეზიდენტის რანგში მის უკანასკნელ ცერემონიაზე სამხედრო აღლუმი გაიმართოს და ასევე მომხრეებთან, დაახლოებულ პირებთან, მისი ადმინისტრაციის ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებთან გამომშვიდობება წითელ ხალიჩაზე გავლით მოხდეს.
თეთრი სახლის მიერ დაგზავნილ მოსაწვევებში ნათქვამია, რომ ცერემონია დილის 8 საათისთვისაა დანიშნული. ამასთან ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს სთხოვენ, რომ ადგილზე უკვე 07:15 საათისთვის გამოცხადდნენ და არ იქონიონ თან ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ლაზერული საჩვენებლები თუ სათამაშო პისტოლეტები.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.