თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში წელს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ბავშვების საყოველთაო ნათლობა არ გაიმართება.
19 იანვარს, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს, სამების ტაძარში ტრადიციულად საზეიმო ღვთისმსახურება იმართება ხოლმე, რომლის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ნათლავს ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს, რომელთა მშობლებიც ჯვარდაწერილი არიან.
თუმცა, როგორც ქართული მასმედია იუწყება, პანდემიიდან გამომდინარე დადგენილი შეზღუდვების გამო ამჯერად ბავშვების საყოველთაო ნათლობა არ გაიმართება.
გასულ წელს პატრიარქმა 500-ზე მეტი ბავშვი მონათლა – ამ დროისათვის ილია მეორეს 41 ათასამდე ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.