თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სიების სიზუსტისადმი ნდობა მაღალი იყო.
დოკუმენტში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესების კუთხით ჩატარებული მუშაობა.
კერძოდ, PACE აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესი უწყვეტი და ცენტრალიზებულია, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროაქტიურად უკავშირდებოდა იმ პირებს, რომელთა სარეგისტრაციო ჩანაწერები რამე სახის შეცდომას ან შეუსაბამობას შეიცავდა, რათა შემდეგ ეს მოქალაქეები ამომრჩევლთა სიაში ჩაერთოთ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებს თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემების გადამოწმებისა და შესწორების საშუალება ჰქონდათ.
„ევროსაბჭოს ასამბლეის მხრიდან ეს შეფასება იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით გატარებული სამუშაოების შედეგია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კობახიძე: ჩვენს სითამამეს სიმართლე, ოპოზიციის თავშეკავებას კი სიყალბე უდევს საფუძვლად>>
სააგენტომ ამომრჩეველთა სიების სრულყოფაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. შედეგად გამოვლინდა და სიიდან ამოღებული იქნა 10,5 ათასამდე გარდაცვლილი. ასევე იდენტიფიცირებული და გაუქმებული იყო 7,7 ათასზე მეტი პირის მონაცემები, რომლებიც მეორდებოდა ან გაყალბებული დოკუმენტებით იყო სიაში შეყვანილი.
საპარლამენტო არჩევნების სიებში აღრიცხული იყო 3 200 063 მოქალაქე ბიომეტრიული ფოტოთი.