თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს, 60 წლის იუბილეს ულოცავს.
„ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული ადამიანებით, პროფესიონალებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულად გამორჩეული სპორტსმენები, რომლებმაც გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მთელი ეპოქა შექმნეს. სწორედ ასეთი გახლავთ მაია ჩიბურდანიძე, ლეგენდარული მოჭადრაკე, ვინც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში“, - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.
მინისტრის თქმით, მაია ჩიბურდანიძემ კიდევ ერთ სახელოვან ქართველ მოჭადრაკესთან, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად ქალთა ჭადრაკი აბსოლუტურად ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუცია მოახდინა.
ჩხენკელმა ლეგენდარულ მოჭადრაკეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
მაია ჩიბურდანიძე - საბჭოთა და ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი 1978–1991 წლებში. საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული, ხუთი - სსრკ ნაკრების შემადგენლობაში და ოთხი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
1978 წელს ჩიბურდანიძე გახდა სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ხოლო 1984 წელს - დიდოსტატი.
ჩიბურდანიძეს ჭადრაკის თამაში ათი წლით უფროსმა ძმამ ასწავლა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე უგებდა თავის „მასწავლებელს“ და მისმა მშობლებმა მაია ჭადრაკის წრეზე მიიყვანეს. ასე, რვა წლის ასაკში დაიწყო მისი გზა ჭადრაკის ვარსკვლავებისკენ. ქალთა შორის ოლიმპიადებზე მოგებათა რაოდენობის მიხედვით, ჩიბურდანიძე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილს ჩამორჩება.