თბილისი,17 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ტაქსის კოვიდინფიცირებული ორი მძღოლი დააჯარიმეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
32 და 45 წლის მამაკაცები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
ერთ-ერთი მამაკაცი კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, მეორე – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.
ერთ-ერთი მძღოლი წერონისის ქუჩაზე, მეორე კი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა.
პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
მსგავსი შემთხვევა თბილისში 4 დეკემბერსაც დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.