თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 16 იანვრიდან მინიმუმ 15 დღით კომენდანტის საათი 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
18 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლისას სავალდებულო ხდება 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს – განმეორებითი PCR–ტესტის გაკეთება.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი.