საქართველოს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის 2021 წლის პროგრამა დაამტკიცა

© Sputnik / Alexander Imedashviliჟურნალ-გაზეთების გამყიდველი ქალი პირბადით
ჟურნალ-გაზეთების გამყიდველი ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს უამრავი მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. მთავრობა ცდილობს შეამციროს პანდემიის ნეგატიური შედეგები და მოსახლეობას დაეხმაროს.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განმახორციელებელია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ამის შესახებ სააგენტოს Facebook-გვერდზეა ნათქვამი.

პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას:

  • შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (worknet.gov.ge) განვითარება;
  • შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
  • საშუამავლო მომსახურების გაწევა/განვითარება;
  • პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
  • მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება;
  • დასაქმების ფორუმების მოწყობა;
  • შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით თვისობრივი კვლევის განხორციელება და მონიტორინგი;
  • მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლების მიზნით დასაქმების თემებზე ტრენინგ/სემინარების ორგანიზება;
  • შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ პარტნიორებთან  მჭიდრო თანამშრომლობით.

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 770 ათასი ლარით.

საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირების მიზნით 2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობა დაიწყო ცალკე უწყებამ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ. სააგენტო შუამავლის როლს ასრულებს დასაქმების მსურველსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამუშაოს მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ამ ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0