თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სასწავლო პროცესი 18 იანვარს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება საქართველოს 10 დიდ ქალაქსა და აჭარაში, იუწყება განათლების სამინისტრო.
საუბარია ქალაქებზე: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.
ხოლო ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხით.
გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის – საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეპროექტ „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება.
საქართველოს დიდ ქალაქებში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 4 ნოემბრიდან გადავიდნენ. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციური სწავლება 25 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო. ონლაინ–სწავლებაზე გადავიდნენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულის, გარდაბნისა და აჭარის რეგიონის სკოლები.
კორონავირუსის პანდემიის გამო მოსწავლეები დისტანციური სწავლების რეჟიმში გასული სასწავლო წლის გაზაფხულიდან არიან. ამ დროის განმავლობაში მოსწავლეები საკლასო ოთახებს მხოლოდ ერთხელ, სექტემბერში დაუბრუნდნენ, თუმცა კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ხელისუფლებამ სასწავლო პროცესის ონლაინ–რეჟიმში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.