გახარია: ვაქცინაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ იქნება

გამოწერა
ქვეყანა ემზადება ვაქცინაციისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ ავტორიზებული ვაქცინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს გეგმას, რომელშიც ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები იქნება გაწერილი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ეპიდვითარების შედარებით დასტაბილურობის მიუხედავად, საქართველოსთვის დღეში დაახლოებით 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი რიცხვია, ამიტომ შეზღუდვები მაინც 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ ამ შემთხვევაში 1 თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს“, – განაცხადა გახარიამ.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – ახალი მონაცემები

1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება, შესაბამის ღონისძიებებზე მთავრობაში მსჯელობენ.

„პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი ვაქცინაციის თემას შეეხო და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური კომისიის მუშაობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის, უბრალოდ ვერც ვხდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებით დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, პირველი ამოცანაა – ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

„მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე (კომისიის ამოცანაა) მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია“, – განაცხადა გახარიამ.

მეორე საკითხი – იმ მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა დაიწყოს.

„მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც“, – განაცხადა გახარიამ.
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
პანდემია და ვაჭრობა: საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა

მისი თქმით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს.

„ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ COVAX-ის პლატფორმაზე Pfizer-ის ვაქცინა შეუკვეთა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენეს – პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ COVAX-ის პლატფორმასა და Pfizer-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ პრეპარატის გარანტირებული იმპორტის შესახებ საუბარი ვერ იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდება, როდის მიიღებს ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მანამდე კი მოქმედი შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია.

 

ყველა ახალი ამბავი
0