თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. არსებობს ისეთი ტიპის თავის ტკივილები, რომლებსაც სიძლიერის გამო ექიმები „მკვლელს“ უწოდებენ, აცხადებს ბრიტანული კომპანია Healthspan-ის სამედიცინო დირექტორი სარა ბრუერი Daily Express-სთან.
მისი თქმით, ეს კლასტერული თავის ტკივილებია, რომლებსაც ათასიდან ერთ ადამიანზე ნაკლები განიცდის.
„კლასტერული თავის ტკივილები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახეობის ტკივილია, რომელიც შეიძლება ადამიანმა განიცადოს. მას მკვლელს უწოდებენ“, — აღნიშნავს ბრუერი.
სპეციალისტის თქმით, ამ დროს ტკივილი, როგორც წესი, ცალმხრივია, მაგრამ შეიძლება სახის მეორე მხარესაც გადავიდეს.
„ერთი თვალი დაცობილი და ნოტიო ხდება. ამავდროულად იჭედება ნესტოც სახის იმავე მხარეზე. შესაძლოა დაიწყოს ოფლიანობა ან სახის გაწითლება, ასევე შეიძლება შეშუპდეს ქუთუთო“, — განმარტავს ექიმი.
გარდა ამისა, კლასტერული თავის ტკივილების ნიშანი შეიძლება იყოს გუგის შევიწროება, ჩამოშვებული ქუთუთო, ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან.
კლასტერულ და სხვა ტიპის თავის ძლიერ ტკივილებს შორის ძირითადი განსხვავება — მისი ხანგრძლივობაა: კლასტერული თავის ტკივილები, ჩვეულებრივ, ეპიზოდური ხასიათისაა.
- „ტკივილი დაახლოებით სამ საათს გრძელდება და რეგულარულად ჩნდება — როგორც წესი, დღის ერთსა და იმავე დროს, ხშირად დილაადრიან. ეს შეიძლება ერთიდან სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს, სანამ არ გაქრება“, — დააზუსტა სპეციალისტმა.
ბრუერის თქმით, ადამიანების უმეტესობას კლასტერული თავის ტკივილები წელიწადში ორჯერ ემართება.
ექსპერტებმა არ იციან, თუ რა იწვევს ამ პრობლემას, სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია ტვინის ნაწილის ზედმეტ აქტივობასთან.