თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს 65 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მდებარე სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
ნიკა ლატარია