თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაბამის უწყებებს კორონავირუსზე მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლა დაავალა, იუწყება სააგენტო РИА Новости.
რუსეთის მეთაურმა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადების განკარგულება გასცა.
რუსეთის მოსახლეობა რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V“ იცრება. აცრა შეუძლია 18 წელს ზემოთ ადამიანს, თუ მას არა აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვაქცინის უკუჩვენებების ჩამონათვალშია, ასევე ბოლო 30 დღის განმავლობაში არ ჰქონდა მწვავე ვირუსული რესპირატორული დაავადება. ორსულებსა და მეძუძურ დედებს ვაქცინაცია არ ჩაუტარდებათ.
მსოფლიოში პირველი კოვიდ–ვაქცინა „სპუტნიკ V“ გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრის სწავლულებმა შექმნეს რუსეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატი გასული წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა ადამიანის კარგად შესწავლილი და შემოწმებული ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე დამზადდა, რომლის უმნიშვნელოვანესი უპირატესობაც არის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ასევე ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობა.
„რუსი მეცნიერების მიღწევები“: The New York Times–ის ჟურნალისტი რუსული ვაქცინით აიცრა>>
რუსეთში, ბოლო მონაცემებით, „სპუტნიკ V"-თი უკვე 1,5 მილიონი მოქალაქე აიცრა. ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო და ამ პერიოდში რამე ახალი არასასურველი რეაქცია პრეპარატზე არ გამოვლენილა.
ვაქცინა „სპუტნიკ V“ რეგისტრირებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში. დაწყებულია ვაქცინის რეგისტრაციის პროცესის ინიცირება ევროკავშირში.