ძიუდო: გრიგალაშვილმა დოჰას „მასტერსზე“ პირველი ქართული ოქრო მოიპოვა

© photo: Georgian Judo Federation / FBტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოჰას „მასტერსზე“ საქართველოს ორი მედალი აქვს მოპოვებული. მარგველაშვილის ბრინჯაოსა და გრიგალაშვილის ოქროს შემდეგ თავის გამოჩენას კიდევ ხუთი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა დოჰაში „მასტერსის“ ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. გრიგალაშვილმა ფინალში ჰოლანდიელ ფრენკ დე ვიტს მოუგო და მიმდინარე შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა.

დოჰას „მასტერსი“ 11 იანვარს დაიწყო და 13 იანვარს დასრულდება. ტურნირის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. განსხვავებით გრიგალაშვილისგან ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (-81 კგ) პირველივე შეხვედრები წააგეს. გრიგალაშვილმა (–81) ფინალამდე ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა. მან უნგრელ ატილა უნგვარის, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს, რუს ალან ხუბეცოვსა და სამხრეთკორეელ სინჰო ლიის აჯობა, ფინალში კი ჰოლანდიელ ძიუდოისტს ბოლო წუთზე ვაზარი აუღო, ხოლო შემდეგ შეხვედრა იპონით დაასრულა.

ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო
ორი ქართველი სპორტსმენი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტების სიაში მოხვდა

„მასტერსის“ პირველი საჭიდაო დღე ქართველებისთვის არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. გამორჩეული იყო ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილსა და თემურ ნოზაძეს, რომლებიც 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ, ისინი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ და მედლის მოპოვება ვერ შეძლეს.

წარუმატებელი გამოდგა ქართველ ქალ ძიუდოისტთა გამოსვლაც. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ისრაელის ნაკრების ძიუდოისტებთან წააგეს. პირველი გილი კოენთან ვაზარით დამარცხდა, მეორე კი ტიმნა ნელსონ ლევისთან იპონზე დაეცა.

დოჰას „მასტერსი“ დღეს დასრულდება. მესამე საჭიდაო დღეს საქართველოს ღირსებას ხუთი ძიუდოისტი დაიცავს: ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0