თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (192-ე WTA-ს რეიტინგში) „დიდი სლემის“ სერიის Australian Open ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
ბოლქვაძემ რუსეთის წარმომადგენელ მარგარიტა გასპარიანთან ორ სეტში (3:6, 6:7) წააგო. მატჩი თითქმის ორი საათი გაგრძელდა.
პირველი სეტი გასპარიანის უპირატესობით წარიმართა, რაც შეეხება მეორე სეტს, იგი ორივე მხრიდან შეცდომების სიუხვით გამოირჩეოდა. საერთო ჯამში ჩოგბურთელებმა სამ–სამი ბრეიკი შეასრულეს. პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც უფრო ძლიერი გასპარიანი აღმოჩნდა (7:3).
კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (217) მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ვერ გადავიდა. პირველივე მატჩში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება ხორვატ იან ფეტს (209) დაუთმო.
ასე რომ, Australian Open-ზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზეა.