თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ევროკავშირს თანამეგობრობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მის შემადგენლობაში თურქეთის მიღებისკენ მოუწოდა, წერს РИА Новости.
„ჩვენ უარი არ გვითქვამს ძალისხმევაზე ევროკავშირის სრული წევრობის მიღებასთან დაკავშირებით. ყველა მზარდი გაურკვევლობა, რაც Brexit-მა მოიტანა, მას შემდეგ აღმოიფხვრება, რაც თურქეთი მიიღებს წევრობას“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამოსვლისას.
ევროკავშირსა და თურქეთს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 1963 წელს მოეწერა ხელი. ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი თურქეთმა 1987 წელს წარადგინა. ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რაც მხოლოდ 2005 წელსღა დაიწყო, არაერთხელ შეჩერდა უთანხმოების გამო. 2016 წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს, განეახლებინათ თურქეთთან ამ თემაზე მოლაპარაკებები იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა ხელს შეუწყობდა მიგრანტების ნაკადის ევროკავშირში შედინების შეჩერებას თურქეთის ტერიტორიის გავლით.
დიდმა ბრიტანეთმა 2020 წლის 31 იანვარს ევროკავშირი დატოვა. Brexit-ის შემდეგ გარდამავალი პერიოდი, როდესაც დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ყველა ნორმა და კანონი მოქმედებდა, მოქალაქეები კი გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობდნენ, 31 დეკემბერს დასრულდა.