თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მდებარე სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ გამთენიისას ხანძარი იყო.
ბაზრობა „ჩემპიონის" ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.
ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.
ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება მოხდა.
„იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.