პუანსეტია – შობა–ახალი წლის უცვლელი მეგზური: ისტორია, შერჩევა, მოვლა, გამრავლება

© Sputnik / Alexander Imedashviliპუანსეტია - შობის ვარსკვლავი
პუანსეტია - შობის ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პუანსეტია, იგივე შობის ვარსკვლავი უკვე 200 წელია, რაც საშობაოდ ყველაზე აქტუალურ ოთახის ყვავილად იქცა. სახლში პუანსეტიას გამოჩენა ნიშნავს, რომ ყველაზე საყვარელი – შობა–ახალი წლის დღესასწაულები ახლოვდება.

ევროპაში საშობაოდ ამ ყვავილის გაყიდვების რიცხვი 100 მილიონს აჭარბებს. რამდენიმე წელია ამ ყვავილის საახალწლოდ ჩუქების ტრადიცია საქართველოშიც შემოვიდა და, დიახ, უკვე ჩვენ ქვეყანაშიც ერთ-ერთი ის ყვავილია, რომელიც ყველაზე აქტიურად იყიდება.

ამ მცენარის მთავარი ხიბლი მისი ფოთლების ფორმა და შეფერილობაა. სწორედ ფოთლების და არა ყვავილის. მისი ყვავილები პატარა და ნაკლებეფექტურია და მცენარეს მთავარ ეფექტს ყვავილის მიმდებარე ყვავილსაჯდომის საოცარი შეფერილობის ფოთლები ანიჭებს.

გასაყიდად გამოტანილთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება კაშკაშა წითელი ფერის პუანსეტია. უფრო ნაკლებ გავრცელებულია რძისფერი, ჟოლოსფერი, ვარდისფერი, თეთრი და იასამნისფერი პუანსეტიები.

წარმოშობა

პუანსეტიას სამშობლო მექსიკაა და იქ 1,5-2 მეტრამდე სიმაღლის იზრდება. ამ მცენარეს ძალიან აფასებდნენ აცტეკები. დადასტურებული ფაქტია, რომ ისინი პუანსეტიას იყენებდნენ კანის ინფექციების, ჩირქმდენი ჭრილობების მოსაშუშებლად. მისი ფოთლებით კი ქსოვილებს ღებავდნენ. მოგვიანებით მეცნიერებმა მართლაც აღმოაჩინეს მცენარის წვენში ნივთიერებები, რომლებიც კლავს პათოგენურ ბაქტერიებს, სოკოებს, აქვს ხველების საწინააღმდეგო ეფექტი. ასევე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ პუანსეტიას მხოლოდ ერთ ქოთანს შეუძლია ერთ ღამეში მოსპოს ოთახში სტრეპტოკოკების 50% და ნაწლავის ჩხირების 70%.

ოთხი სახელი და ოთხი ისტორია

ქალღმერთის სისხლი – ეს აცტეკთა მიერ შექმეული სახელია. ინდიელების ლეგენდის თანახმად, მისი გაჩენა ერთ-ერთი ქალღმერთის ტრაგიკულ სიყვარულს უკავშირდება. მწუხარებისგან ქალღმერთს გული გაუსკდა და მიწაზე დაცემული სისხლის წვეთებისგან პუანსეტია გაიზარდა.

წმინდა ღამის ყვავილი – მექსიკის დაპყრობის შემდეგ კონკისტადორებთან ერთად აცტეკთა მიწაზე კათოლიკე ბერებიც ჩავიდნენ. მათ აქ აღმოაჩინეს პატარა ბუჩქი, რომელიც სწორედ შობის წინ იწყებდა ყვავილობას კაშკაშა წითელი ფოთლებით. სწორედ ბერებმა შეარქვეს მას წმინდა ღამის ყვავილი და შობის წინ საკურთხეველს ამ მცენარის ტოტებით ამკობდნენ.

ულამაზესი ეუფორბია – ეს ამ მცენარის ოფიციალური სახელწოდებაა (Euphorbia pulcherrima). იგი ბოტანიკოსებმა 1833 წელს აღწერეს, მას შემდეგ, რაც მოყვარულმა ბოტანიკოსმა გვარად პოინსეტმა 1829 წელს იგი მექსიკიდან აშშ-ში ჩაიტანა და, როგორც მიხვდით, ბოტანიკური სახელი ამ ბოტანიკოსის გვარსაც უკავშირდება.

შობის ყვავილი – მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ერთმა ლოს-ანჯელესელმა მებაღემ ჰოლივუდის ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე შობის წინა დღეებში გასაყიდად გამოფინა პუანსეტიას ტოტებისგან შეკრული თაიგულები. და მაშინვე დაიწყო პუანსეტიას ციებ-ცხელება. ყველა ცდილობდა საშობაოდ სახლში ამ ულამაზესი ვარსკვლავისებური ფორმის კაშკაშა მცენარის თაიგულების წაღებას. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შობის ვარსკვლავის ტრიუმფალური სვლა ევროპაში.

როგორ შევარჩიოთ მცენარე

1.პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ყვავილს – არა ყვავილსაჯდომს (წითელ ფოთლებს)! ყვავილსაჯდომის ცენტრში მდებარე ყვავილები უნდა იყოს მომწვანო-მოყვითალო ან მოწითალო ფერის, მტვრიანების გარეშე. თუ ყვავილები უკვე ყვითელია და მტვერიც გამოხატული, ეს ნიშნავს, რომ ყვავილობა უკვე დადგა და მცენარე მალე ჩამოიცვენს კაშკაშა წითელი ყვავილსაჯდომის ფოთლებს – სწორედ იმათ, რის გამოც იძენენ ამ მცენარეს.

2. ვათვალიერებთ ბუჩქს – იგი ყველა მხრიდან ერთნაირად უნდა იყოს დაბუჩქული და მიმზიდველი. ღეროები მთლიანად უნდა იყოს დაფარული მწვანე ფოთლებით, არ უნდა იყოს გაშიშვლებული, ხოლო ყვავილსაჯდომის ფურცლები გამოკვეთილი კაშკაშა ფერის უნდა იყოს. თუ ყვავილსაჯდომის ფურცლები სრულად არ არის შეფერილი, ეს პუანსეტიას ცუდ ხარისხზე მეტყველებს.

3. მცენარეზე არ უნდა იყოს დახვეული, გაყვითლებული, დამჭკნარი ფოთლები. ამასთან თუ გრუნტი ზედმეტად ტენიანია, ეს შესაძლოა ფესვის სიდამპლის მაჩვენებელი იყოს. ასევე დაუშვებელია ზედმეტად გადამშრალი გრუნტიც – ეს ნიშნავს, რომ ცუდ პირობებში ინახებოდა.

4. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეს შეფუთვის გარეშე, რადგან სივიწროვე ცუდ გავლენას ახდენს მასზე.

5. რა თქმა უნდა, მცენარის ფოთლები ყურადღებით დაათვალიერეთ, რომ მასზე მავნებლები არ ბუდობდნენ. ბუჩქის დიამეტრი 2-2.5-ჯერ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის ზომას.

6. თუ ქუჩაში ტემპერატურა +12-14 გრადუსზე დაბალია, შეეცადეთ შენობაში მიტანამდე იგი რაიმე ყუთში მოათავსოთ ან ქაღალდი შემოახვიოთ – მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები უარყოფით გავლენას ახდენს მასზე.

როგორი მორწყვა და ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყვავილოს?

პუანსეტიასთვის ოპტიმალური ტემპერატურა ოთახში +20 გრადუსია, ხოლო ქვედა ზღვარი +14 გრადუსი. არც ერთ შემთხვევაში ფანჯრის რაფაზე მყოფი მცენარის ფოთლები ცივ მინას არ უნდა ეხებოდეს – ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესია. პუანსეტიას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ.

არავითარ შემთხვევაში არ გადარგოთ მცენარე ყვავილობის პერიოდში – მას ძალიან სუსტი ფესვები აქვს და ამ დროს ფაქტიურად განწირულია.

რაც შეეხება მორწყვას: ოთახის ტენიანობის დონიდან გამომდინარე, რთულია უნივერსალური ფორმულის შეთავაზება. მორწყეთ ნადგომი წყლით, როცა ნახავთ, რომ გრუნტი უკვე კარგად გამომშრალია.

მთელ მსოფლიოში პუანსეტიას, რომელიც შობის წინ მარკეტებში იყიდება, ძირითადად ერთჯერადი დანიშნულება აქვს და თუ თქვენმა მცდელობამ, რომ მომავალ შობამდე შეინარჩუნოთ მცენარე, შედეგი არ გამოიღო, თავს ნუ დაიტანჯავთ იმაზე წუხილით, რომ ეს თქვენი ბრალია.

საქმე ისაა, რომ სერიულ წარმოებაში ჩაშვებულ ამ მცენარეს, იმისათვის რომ მაქსიმალურად ტრანსპორტაბელური იყოს და არ დაკარგოს მიმზიდველობა, უკეთებენ სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ფაქტიურად აკონსერვებს მცენარეს და 3-4 თვით უნარჩუნებს პირვანდელ სახეს. ამ დროის გასვლის შემდგომ მცენარე დაიყვავილებს, იწყებს ფოთლების ცვენას და კარგავს პირვანდელ მიმზიდველობას. 

თუ მაინც გადავწყვიტეთ, რომ გვინდა წლევანდელმა პუანსეტიამ მომავალ წელსაც გაგვახაროს

დაყვავილების შემდგომ, სადღაც მაისში მცენარეს რადიკალურად ვკრიჭავთ – დაახლოებით 1/3-ს ვტოვებთ. ამ დროს პუანსეტია უკვე მოსვენების პერიოდშია გადასული, რომელიც დაახლოებით სამი-ოთხი კვირა გრძელდება და ამ ხნის მანძილზე ხელს არ ვკიდებთ – არ ვრწყავთ და მოჩრდილულ, გრილ ადგილზე გვიდევს. მოთმინებით ველოდებით მის გამოცოცხლებას. როგორც კი წამოიღებს პაწაწინა კვირტებს, გადაგვაქვს ახალ სუბსტრატში და ვიწყებთ ნელ-ნელა მორწყვას. ძალიან მალე თქვენი პუანსეტია ახალი ტოტებით დაიფარება და სწორედ ეს ტოტები გამოგადგებათ უკვე ახალი პუანსეტიების გასამრავლებლად.

დედა ბუჩქს გაკრიჭავთ ისე, რომ მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა. ანაჭერი ტოტები, დაახლოებით 5-8 სმ სიმაღლის, მოჭრისთანავე მოათავსეთ წყალში. წყალი რამდენჯერმე გამოუცვალეთ, სანამ ტოტები სრულად არ დაიცლება რძისებრი წვენისგან. ამის შემდეგ ტოტები შეგიძლიათ მიწიან პატარა კონტეინერებში ჩარგოთ და ჩრდილიან გრილ ადგილზე დადგათ.

რატომ არ უწითლდება ყვავილსაჯდომის ფოთლები თქვენ მიერ გახარებულ მცენარეს

საქმე ისაა, რომ პუანსეტია გენეტიკურად სხვა კლიმატური სარტყლის მცენარეა და ბუნებრივ პირობებში საქართველოში ყვავილობას მხოლოდ იანვრის ბოლოდან, თებერვალში იწყებს, და არა შობას, როცა ჩვენ ეს გვინდა.

გავრცელებული მოსაზრებით, იმისათვის, რომ ფოთლები გაწითლდეს, შობამდე 40 დღით ადრე მცენარეს დღის ხანგრძლივობა უნდა შეუმციროთ 8-10 საათამდე. ამისათვის გარკვეულ დროს მცენარეს ყუთი დააფარეთ, მაგალითად დააფარეთ საღამოს 6 საათზე და ახადეთ დილის 10 საათზე. თუ ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმსა და ტენიანობასაც შეუქმნით, დიდი შანსია, რომ შობისათვის შობის ვარსკვლავმა გაგახაროთ.

ყოველ შემთხვევაში ცდად ღირს!

თამარ ხონელიძე

ყველა ახალი ამბავი
0