როგორ ავიცილოთ თავიდან გულძმარვა? გპასუხობთ გასტროენტეროლოგი 

© Pixabay / derneuemannტკივილი მუცლის არეში
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულძმარვა მეტად უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ექიმი პროფილაქტიკის რამდენიმე ეფექტურ მეთოდს გირჩევთ

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რომელი საკვების ჭამა შეიძლება და რომლის — არა გულძმარვის დროს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ უსიამოვნო მდგომარეობას, ამის შესახებ ექიმი-გასტროენტეროლოგი მარია ფომინა საუბრობს.

გულძმარვა დაავადება არ არის, მაგრამ იმის სიგნალია, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პრობლემები არსებობს: ეს შეიძლება იყოს GERD (გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება), გასტრიტი, კუჭის წყლული, ნაღვლის ბუშტის პათოლოგია. ზოგჯერ გულძმარვა შეიძლება მიანიშნებდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე, მაგალითად, იშემიურ დაავადებაზე, ან იყოს მეტაბოლური დარღვევების, კერძოდ, სიმსუქნის თანმხლები.

ტკივილის შეგრძნება - Sputnik საქართველო
თუ გულძმარვა გაწუხებთ: შვიდი გამოცდილი და ეფექტური შინაური საშუალება

ჯანმრთელ ადამიანებში

ყველაზე ხშირად გულძმარვა ვითარდება მოწევის ან კვებითი შეცდომების გამო: მაგალითად, როდესაც მიირთმევთ რაიმე მჟავეს, ცხიმიანს, ცხარეს, სვამთ ალკოჰოლს ან ზედმეტ საკვებს იღებთ.

გულძმარვა ემართებათ ორსულ ქალებს, ასევე მათ, ვინც მოხრილი მუშაობს, ვარჯიშობს და ამავდროულად ძლიერად ტვირთავს მუცლის ღრუს.

როგორ ვითარდება გულძმარვა?

მარილმჟავა ამოდის კუჭიდან საყლაპავის ქვედა მესამედში. ის შეიძლება განვითარდეს სფინქტერის შესუსტების გამო. ეს არის კუნთი, რომელიც საყლაპავს კუჭისგან გამოყოფს. სფინქტერი იხსნება სითხის ან საკვების მიღების დროს, შემდეგ კი იკეტება, რათა გადაყლაპული უკან არ დაბრუნდეს.

„მჟავა აზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს. როდესაც ის ზევით ხვდება, იგრძნობა წვის შეგრძნება ან ტკივილი მკერდში. ხშირად უსიამოვნო სიმპტომები ჭამიდან ორი საათის განმავლობაში გრძელდება. თუ გულძმარვა ერთჯერადი შემთხვევა კი არა, მუდმივი მოვლენაა, ქსოვილები ზიანდება: ეს არის საშიში ეროზიები და უფრო სერიოზული დაავადებები“, — ამბობს მარია ფომინა.

პროვოკატორი პროდუქტები

გულძმარვას იწვევს ცხარე და მარილიანი საკვები, შებოლილი ხორცი, მჟავე საკვები, განსაკუთრებით ციტრუსები და მათგან მიღებული წვენები. ყავა, პიტნა, ნიორი, მდოგვი, კეტჩუპი, შოკოლადი, გაზირებული წყალი და ალკოჰოლი კი ამწვავებს მდგომარეობას.

მანდარინი - Sputnik საქართველო
მანდარინის საფრთხე: აუცილებელი რჩევები გასტროენტეროლოგისგან

რა უნდა ჭამოთ ან დალიოთ გულძმარვის დროს

ჭიქა მინერალური გაზგასული წყალი დაგეხმარებათ გულძმარვისგან გათავისუფლებაში.

„სასარგებლოა არატკბილი სასმელი იოგურტიც, რომელიც საყლაპავის კედლებს მჟავას აშორებს, აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას, ანუ საკვები-გამაღიზიანებელი უფრო სწრაფად ტოვებს ორგანიზმს. თუ ლაქტოზის აუტანლობა არ აღგენიშნებათ, შეგიძლიათ დალიოთ ერთი ჭიქა უცხიმო რძე“, — ამბობს ექსპერტი.

გულძმარვისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი გზაა წყალი, რომელშიც მცირე რაოდენობით სოდაა გახსნილი. თუმცა ეს მეთოდი ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუძლია საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს.

პროფილაქტიკა

  • ჭამის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში არ წამოწვეთ — დაჯექით ან იმოძრავეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მჟავას გაუადვილდება კუჭიდან ზემოთ (საყლაპავში) ამოსვლა.
  • ნუ ასწევთ მძიმე საგნებს და გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა ჭამის დამთავრებისთანავე.
  • ნუ მიუჯდებით ტრაპეზს მჭიდროდ შემოტმასნილი სამოსით ან ქამრით – ეს მუცლის ღრუზე ზეწოლას გაზრდის.

„ნუ შეჭამთ ზედმეტს: კუჭის მოცულობა საშუალოდ 0,5-1 ლიტრია. ამასთან, კუჭი შეიძლება გაიზარდოს 3-4 ლიტრამდე. თუ ძალიან ბევრს მიირთმევთ, სფინქტერი გაიხსნება, რათა საკვებს სივრცე გაუზარდოს. სჯობს ჭამოთ მცირე ულუფებით დღეში ხუთჯერ“, — ამბობს მარია ფომინა.

მისი განმარტებით, თუ გულძმარვა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაწუხებთ, გემართებათ უფრო ხშირად, ვიდრე კვირაში ერთხელ და ვლინდება ღამით, უნდა მიმართოთ ექიმს.

 

ყველა ახალი ამბავი
0