თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა გაიმართება, რომლებზეც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შემზღუდველი ზომებით მიღწეული პროგრესი გაანალიზდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.
მისი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები სხდომაზე დეტალურად იმსჯელებენ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რის საფუძველზეც გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი.
„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე. შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მოხდება თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება, ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
- „ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, რომ თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. არა! ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ნუ ავჩქარდებით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.
ბოლო მონაცემებით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 239.229–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 773 ადამიანი.