თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს, განაცხადა „პირველ არხთან“ პატრიარქის პირადმა ექიმმმა ცისანა შარტავამ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას 3 იანვარს კონტაქტი ჰქონდა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტთან, მეუფე ანტონთან, რომელსაც 4 იანვარს კორონავირუსი დაუდგინდა.
ცისანა შარტავას განცხადებით, შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე „საეჭვო დადებითია“ და მას დილით PCR–ტესტირება ჩაუტარდა, რომლის პასუხი ჯერ არაა ცნობილი.
„შეიძლება პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხიც დადგეს. ქალბატონ შორენას პატრიარქთან შეხება არ ჰქონია, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, შესაძლოა, ტესტის ჩატარების გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა შარტავამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 236.028-ს მიაღწია.