საქართველოში 2020 წელს ხეტყის უკანონო ჭრის 2,7 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის მოჭრა
ხის მოჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხეტყის უკანონო მოპოვების კუთხით „ლიდერი“ კახეთის რეგიონია, რამდენიმე შემთხვევაში სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეებიც კი აღძრეს.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 2020 წლის განმავლობაში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მათ შორის 132 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 046 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა. შემდეგ მოდის იმერეთი – 424 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთი – 279, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 241, ქვემო ქართლი – 216, აჭარა – 221, შიდა ქართლი – 188, მცხეთა-მთიანეთი – 72, გურია – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22 ფაქტი. 
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო
„საქმიანი ეზოების“ მოწყობა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს

რაც შეეხება დედაქალაქს, 2020 წლის განმავლობაში თბილისში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ექვსი ფაქტი გამოავლინდა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 16 600 მ3-მდე ხეტყე. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და ამოღებულია 84 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების, რომლებიც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არის მონიშნული. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0