თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს აღვკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მოხდა.
გამოძიების ცნობით, გიორგი ახლოურმა მისივე ძმა, 19 წლის მიშა ახლოური ცივი იარაღით დაჭრა, რასაც წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.
დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
გიორგი ახლოურს ბრალი საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა–109-ე მუხლით წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.