თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. შობის ღამემდე სამების ტაძრის ორ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
კორონავირუსზე ტესტი სამების ტაძრის 130-მდე სასულიერო პირსა და სტიქაროსანს ჩაუტარდა.
ოდიშარიას თქმით, ერთი პირის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პაციენტს კოვიდ-ინფექცია უსიმპტომოდ ჰქონდა გადატანილი. ხოლო უშუალოდ კოვიდ-ინფიცირებული სტიქაროსნები შობის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში გამართულ ლიტურგიას არ დასწრებიან.
„როგორც ვიცი, ინფიცირებულები იზოლაციაში არიან და მათ არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ. ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა ვეფხია ოდიშარიამ.
7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა, ის გუშინ, გვიან საღამოს დაიწყო და მთელ ღამეს გაგრძელდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია.