თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სამეგრელოში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, ხანძარს ებრძვიან ზუგდიდის, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
ამ დროისათვის ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები ცხრა კერაზე გრძელდება, სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. ცეცხლი ძირითადად ეკალბარდებსა და შერეულ ტყეებს უკიდია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამეგრელოს რეგიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე ეკიპაჟები მეზობელი რეგიონებიდან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში არსებობდა მოსახლეობაში ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მაშველების ძალისხმევით ცეცხლის დრულად ჩაქრობა მოხერხდა.
ხანძრის შედეგად მუნიციპალიტეტებში დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ტერიტორია. გარდა ამისა, ცალკეულ ადგილებში დაიწვა მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესი სავარგულები და თხილის პლანტაციები.
ნიკა ლატარია