თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ქსნის პენიტენციური დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე.
ლორთქიფანიძის ინფორმაციით, პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„[პატიმარს] სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ, როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლება - რედ.), ის გათავისუფლდა და სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში შეზღუდვები მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.
საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.666-ს მიაღწია.