თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ინტრონიზაციისა და დაბადების დღის მილოცვისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და სამადლობელ წერილს ავრცელებს.
საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება>>
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს 4 იანვარს 88 წელი შეუსრულდა. 2020 წლის 25 დეკემბერს კი მისი აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დღეებში არანაირი ღონისძიება არ გამართულა. ილია მეორეს დაბადების დღე და ინტრონიზაცია მთავრობის პირველმა პირებმა და მღვდელმთავრებმა მიულოცეს.
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია – ძალისამებრ ჩემისა, ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა“, – ნათქვამია პატრიარქის სამადლობელ წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში.
1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ილია მეორის დროს, 1980-იანი წლების საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება დაიწყო. ბოლო ათწლეულებში საქართველოში ეპარქიების რიცხვი 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში სულ 48 მოქმედი ტაძარი იყო, ახლა კი მათი რაოდენობა 1000-ს აღწევს.
ილია მეორის პატრიარქობის დროს გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისის და გელათის სასულიერო აკადემიები, თბილისში კი აიგო საქართველოს უდიდესი ტაძარი - სამება.