თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. სულ უფრო მეტი კვლევით დასტურდება, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ვირუსის ცალკეულმა აფეთქებებმა გამოიწვია, განუცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ სააგენტო Xinhua–სა და ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას.
„როდესაც ჩინეთს უცნობმა კორონავირუსმა შეუტია, ქვეყანამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები ეპიდემიოლოგიური გამოძიების ჩასატარებლად, პათოგენის გამოსავლენად და საკვანძო ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად — ვირუსის გენომის სეკვენირების (თანმიმდევრულობის, — რედ.) ჩათვლით“, — აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, სწორედ ჩინეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც პირველმა აცნობა მსოფლიოს მაშინ ჯერ კიდევ უცნობი პნევმონიის შესახებ და ამასთან, „ავანგარდში იდგა დეზინფორმაციასთან, პოლიტიზაციისა და სტიგმატიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში ადამიანები უცნობი ტიპის პნევმონიით ავადდებოდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების აღმძვრელი ახალი კორონავირუსი იყო, რის გამოც დაავადებას COVID-19 ეწოდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსული ინფექცია პანდემიად გამოაცხადა.
ვირუსის აფეთქებიდან დღემდე აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ დასდო ბრალი ჩინეთის ხელისუფლებასა და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციაზე არადროულ რეაგირებასა და ინფორმაციის დამალვაში, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა მსოფლიოსთვის.