ათი მშვენიერი საშობაო ფილმი სადღესასწაულო განწყობისთვის

© Courtesy of Tamar Khonelidzeსაახალწლო მორთულობა
საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვა რა არის ახალი წელი, თუ არა განწყობა  და განწყობის შექმნა? - ოთახში ბუხარი, ბუხარში ცეცხლი, გარეთ თოვლი და ფილმის საყურებლად შეკრებილი ოჯახი. 

ახალ წელსა და შობას საოცრად უხდება ფილმები, რომლებსაც მოაქვთ ნოსტალგია, თბილ ღუმელთან ჯდომის განცდა და ბედნიერი დასასრულის რწმენა. ყველას გვინდა გვჯეროდეს, რომ ამქვეყნად არსებობს ჩვენი წილი ბედნიერება, რომელიც ერთ დღეს კარზე აუცილებლად მოგვიკაკუნებს.

დღეს, როცა პანდემიამ მთელი მსოფლიო სახლში გამოკეტა და ახალი წელი მოპარა, ალბათ ყველაზე ძნელია საახალწლო განწყობის შექმნა. დღეს მართლა იმის დროა, გამოვნახოთ ჩვენს თავში ძალები და ვირუსს ჩვენი წილი შობა და ახალი წელი არ მოვაპარინოთ. ამიტომ, მოიხვიეთ თბილი პლედი, დაისხით სურნელოვანი ჩაი და უყურეთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესო განწყობას შეგიქმნით და საახალწლო სასწაულების რწმენას შეგმატებთ.

ჩვენ შეგიგროვეთ შესანიშნავი ფილმები საახალწლო განწყობით, რომლებიც ჯერ არ გინახავთ, ან იქნებ დაგავიწყდათ კიდეც. მოდით, კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ ბავშვობაში, მივწეროთ წერილი თოვლის პაპას, გრინჩს მოვაპარინოთ შობა და კევინი კიდევ ერთხელ დავტოვოთ სახლში მარტო.

1. მარტო სახლში (Home Alone)  1990წ.– ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი საახალწლო ფილმი პატარა ბიჭზე, რომელიც საშობაო არდადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს სახლში დაავიწყება. ფილმს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ კიდევ რამდენიმე ნაწილი გადაიღეს, რომლებიც ინტრიგებით, პოზიტივით, მახეებით, მხიარული და სასაცილო  ამბებით სავსე ისტორიებს გვიამბობს.

2. საშობაო დაბნეულობა ( A Very Merry Mix-up) 2013წ.  -  ეს მყუდრო ისტორია შეიქმნა მათთვის, ვისაც, თბილ პლედში გახვეულებს ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯნით ხელში, უყვართ კეთილი ფილმების ყურება.  გოგონა, სახელად ალისა, შობას აპირებს თავისი საქმროს მშობლებს შეხვდეს. აეროპორტში მას სხვადასხვა გამოწვევა და დაბრკოლება ელის. საბედნიეროდ, გოგონა  ხვდება უცნობ ადამიანს  და ეს მოულოდნელი გაცნობა წარმოუდგენელ თავგადასავლად იქცევა. მოკლედ,  ერთ-ერთი ის სასიამოვნო ფილმია, რომელიც საახალწლო განწყობას ნამდვილად შეგიქმნით.

3. სტოუნების ოჯახი ( The Family Stone) 2005წ. - კიდევ ერთი შესანიშნავი სადღესასწაულო ფილმი. ევერეტი გადაწყვეტს, საშობაო არდადეგებზე საცოლე ოჯახს გააცნოს, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს. ერთ  მხარეს არის სტოუნების უცნაური ოჯახი, მეორე მხარეს კი საკმაოდ კონსერვატიული საცოლე. ფილმში სადღესასწაულო ფონზე საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი ვითარდება.

4. პრინცესას შეცვლა (The Princess Switch) 2018წ. - ეს მშვენიერი ფილმია მათთვისა, ვისაც სურს შობის ღამეს რომანტიკული ატმოსფერო შეიქმნას. ჰერცოგინია მარგარეტი და  ჩიკაგოს ჩვეულებრივი მცხოვრები სტეისი აღმოაჩენენ, რომ საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ისინი მოიფიქრებენ, როგორ გაცვალონ ადგილები და ეს იდეა ბედის ნამდვილ საჩუქრად იქცევა (რა თქმა უნდა, პატარა მაგიის დახმარებით).

5. რეალური სიყვარული ( Love Actually) 2003წ. - შობის მოახლოვებასთან ერთად ზოგი შორდება ერთმანეთს, ზოგს უყვარდება და საბოლოოდ, იქმნება  საკმაოდ პოზიტიური სიუჟეტები. ეს არაჩვეულებრივი, ტკბილი ბრიტანული ფილმი სავსეა საახალწლო მუსიკით, საოცარი მსახიობებითა და ამაღელვებელი თავგადასავლებით.  ეს ისტორიები კი გვარწმუნებს, რომ შობის ღამეს ნამდვილად ხდება სასწაულები.

6. ადამიანი, რომელმაც შობა გამოიგონა ( The man Who Invented Christmas) 2017წ. - რამდენიმე წარუმატებელი წიგნისა და ფინინსური პრობლემების შემდეგ, ახალგაზრდა ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი, გამომცემლების უარყოფის მიუხედავად, გადაწყვეტს დაწეროს და გამოაქვეყნოს წიგნი „საშობაო სიმღერა“.  მოგვიანებით, ეს წიგნი გახდება  შენდობის, პატიებისა და სიყვარულის სიმბოლო. ეს ამაღელვებელი ისტორია გიყვებათ იმაზე, თუ როგორ იქმნება საშობაო სასწაულები. ასობით წლის შემდეგაც ეს სასწაულები კვლავ გვაიძულებს, ვაკეთოთ სიკეთეები.

7. შობის ღამემდე (The Night Before) 2015წ. - ამერიკული კომედია სამ მეგობარსა და მათ ტრადიციებზე, ჩაიცვან უცნაური სვიტერები და მხიარულად  და თავაშვებულად შეხვდნენ ახალ წელს. მოვლენები იცვლება და მეგობრები სასაცილო სიტუაციებში ხვდებიან.

8. ყველაფერი, რაც საშობაოდ მინდა ( All I Want For Christmas) 1991წ. - ნიუ – იორკში შობაა და ჰელი და იტანი ცდილობენ განქორწინებული მშობლების შერიგებას.  მიუხედავად სირთულეებისა,  მათ შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას თოვლის ბაბუის დახმარებით - რადგან ოცნებები შობას ყოველთვის ახდება. ჩაუჯექით და ისიამოვნეთ ამ უთბილესი ფილმით.

9. შვებულება (Holiday) 2006წ.-  მამაკაცებთან განშორების გამო ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ, ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათ თავბრუდამხვევ თავგადასავალს მოუტანდა.

10.  საშობაო არდადეგები ( National Lampoon’s Christmas Vacation) 1989წ.- გრისვოლდების ოჯახში შობას ზეიმობენ. შობა ხომ საჩუქრების ჩუქების, საახალწლო სიმღერებისა და    ნაძვის ხის შუქების ციმციმის დროა.  მაგრამ სტუმრად მოსული ნათესავები ყველაფერს აფუჭებენ და გრისვოლდების ოჯახს ნამდვილი სტიქიური უბედურება ატყდება თავს. მგონი, ამ ფილმის ყურებისას გულში იმასაც კი გავიფიქრებთ, რომ თურმე არც ისე ცუდი იდეაა ახალი წლის სტუმრების გარეშე აღნიშვნა.

და ბონუსად,

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა ( How To Grinch Stole Christmas) 2000წ. - როგორ დავასრულოთ ჩვენი სია ისე, რომ გრინჩს შობა არ მოვაპარინოთ? მთელს სამყაროზე განაწყენებული, თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის ბანჯგვლიანი არსება არავის უყვარს, ამიტომაც ცხოვრობს მარტო.  გრინჩს განსაკუთრებით არ უყვარს შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდება. თუმცა...

იმედია, ჩვენი შერჩეული ფილმები საუკეთესო საახალწლო განწყობას შეგიქმნით. მოკალათდით კომფორტულად საყვარელ ადამიანებთან ერთად, ისიამოვნეთ ფილმებით და კიდევ ერთხელ ირწმუნეთ ახალი წლის ჯადოსნურობა.

 ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0