თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
31 დეკემბერს N11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულების 22 მსჯავრდებულს PCR ტესტირება ჩაუტარდა, ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. ასევე 4 იანვარს დაგეგმილია N5, ქალთა პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის PCR ტესტირება.
სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად ტესტირება ყველა პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს გაუკეთდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პრევენციულმა ზომამ კარგად იმუშავა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსი არ დაფიქსირებულა. მხოლოდ საკარანტინო სივრცეში იყო რამდენიმე შემთხვევა და ყველა ინფიცირებული სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანეს.
Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მარტიდან პენიტენციურ სამსახურში არაერთხელ შეიცვალა სისტემის მართვის მოდელი და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები.
ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 23 პატიმარი იმყოფება მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ. ერთ-ერთ მათგანს, N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულს ჰქონდა რესპირატორული ინფექციის სიმპტომები, რის საფუძველზეც იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. ახლა ის მართვით სუნთქვაზეა.
პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნებზე შეზღუდვა გახანგრძლივდა>>
ამავე კლინიკაში მოათავსეს ასევე ის პატიმრები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, რომლის მდგომარეობაც დამძიმდა. მათაც აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა ტესტის პასუხი უარყოფითია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.