თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრისას 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
ირაკლი შოთაძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს პროკურატურაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა რანგირების სისტემაც, რომლის ფარგლებშიც 110 პროკურორსა და გამომძებელს პირველი და მეორე რანგები მიენიჭათ.
შეფასებისა და რანგირების სისტემის მიზანია საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ხარისხისა და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება, განაცხადა შოთაძემ.
გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
გენერალურმა პროკურატურამ წლის საუკეთესო თანამშრომლები გამოავლინა. 2020 წლის საუკეთესო პროკურორად ვლადიმერ ვექილიანი დასახელდა, საუკეთესო გამომძიებლად კი ლევან ზაკალაშვილი. ასევე წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფებად დასახელდა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველო და ბათუმის რაიონული პროკურატურა. საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდებით პროკურორები ნათია გორგოძე, თამაზ მებონია და მაგდა კაპანაძე დაჯილდოვდნენ.
საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება ასევე მიენიჭა ოზურგეთის რაიონულ პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს, რომელიც 2020 წლის 7 ნოემბერს კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.