ეს ახლაც, 21-ე საუკუნეშიც ბევრს სჯერა. რაც, სხვათა შორის, არც ისეთი მიამიტობაა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. საქმე ისაა, რომ ეს მინიშნებები სავსებით ლოგიკურ საფუძველს ემყარება.
ქვემოთ გაგაცნობთ იმ მინიშნებებსა და რჩევებს, რომლებიც ახალ წელთან დაკავშირებით წინაპრებისგანაც შემოგვრჩა და თანამედროვეებმაც შექმნეს.
ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებო. ამიტომ ძველები გვირჩევენ, ყველაფერი ცუდი, მათ შორის განწყობაც, ძველ წელს გავატანოთ, რათა იღბალი და სიმდიდრე მოვიხმოთ.
კეთილდღეობის მოსახმობად კიდევ ერთი ტრადიციული და კარგად ცნობილი მინიშნება ისაა, რომ ნაძვის ხეზე ფულის ბანკნოტები უნდა დაკიდოთ, რაც მეტი, მით უკეთესი. ამბობენ, რომ შემოსავალი მოგეცემათ იმ ვალუტაში, რომლითაც ხეს მორთავთ — გაითვალისწინეთ ეს.
და კიდევ:
- კარგად დაალაგეთ სახლი, თავიდან მოიშორეთ გაბზარული თუ გატეხილი ნივთები;
- მიუტევეთ ყველას, ვინც რამე გაწყენინათ;
- ეცადეთ, გაისტუმროთ ყველა ვალი — ფული იქნება ეს თუ დაპირება;
- ახალი წლის წინა დღეს არც ფული გაასესხოთ და არც არაფერი გაანათხოვროთ, თორემ ფინანსურ გაჭირვებას ვერ აირიდებთ;
- კარგი იქნება, თუ ნაძვის ხეზე ფულის კუპიურას ან მონეტას დაკიდებთ;
- იყიდეთ თუნდაც ერთი ახალი სამოსი, რათა მომავალი წელი უხვი იყოს სასიამოვნო შენაძენებით;
- მაგიდას, რომელზეც საახალწლო სუფრას შლით, ფეხებზე სათითაოდ შემოახვიეთ თოკი, რათა სახლში მშვიდობამ, ბედნიერებამ და სიყვარულმა დაისადგუროს;
- სიმდიდრის მოსახმობად საზეიმო სუფრაზე სამჯერ დააკაკუნეთ კოვზით და თქვით: „უხვი სუფრა გაშლილია, დაე, ასე იყოს მთელი მომდევნო წელი!“
- არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ მთელი ფული ახალი წლის წინ, რომ 1 იანვარს ცარიელი საფულით არ შეხვდეთ და ქესატობა მთელი წლით არ დაიბედოთ.
სხვა წინასაახალწლო ხალხური მინიშნები ასე გამოიყურება:
- თუ 31 დეკემბრის დილას პირველი შემხვედრი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი იქნება, მაშინ დღესასწაული იღბალს მოგიტანთ; თუ თქვენივე სქესისა — არ წახვიდეთ სტუმრად, ვიზიტი მოსაწყენი იქნება;
- 31 დეკემბერს ნაძვის ხის სათამაშოს გატეხვა კარგის ნიშანია — თანხის მოულოდნელ მიღებას მოასწავებს;
- თუ ახალ წელს შამპანურის ბოკალი გაგიტყდათ — ოჯახში იკამათებთ, ხოლო თუ თეფში ან ჩვეულებრივი ჭიქა — მაშინ ელოდეთ ქორწილს;
- თუ 31 დეკემბერს ქუჩაში უსინათლო ადამიანს შეხვდებით, სერიოზული ცვლილებებისთვის მოემზადეთ;
- თუ სამ კატას დაინახავთ ერთად, იცოდეთ, რომ მთელი მომდევნო წლის განმავლობაში თქვენივე წინამასწრობის „მსხვერპლი“ იქნებით — ანუ ენა ყოველთვის წინ გაუსწრებს საღ აზრს;
- თუ 31 დეკემბერს მარცხენა ფეხი გადაგიბრუნდათ, საქმეებში სერიოზული დაბრკოლებები გელით, თუ მარჯვენა — მაშინ წინააღმდეგობებს პირად ცხოვრებაში გადააწყდებით, ანუ თქვენი ინტერესების მისაღწევად ბრძოლაში ჩართვა მოგიწევთ;
- თუ 31 დეკემბერს ტანსაცმელზე ჩიტმა დაგასკლინტათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენზე იჭორავებენ; სხვა დანარჩენ დღეებში ეს ფულის მიღებას მოასწავებს;
- ახალი წლის ღამით სადღესასწაულო ტანსაცმლის გახევა — მგზნებარე რომანის მაუწყებელია;
- თუ შემთხვევით ტანსაცმელი დაგისვარეს — ფულში იღბალი გელით...
ამ მინიშნებებისა და რჩევების გარდა, არსებობს ძველებური რიტუალიც, რომელიც ასევე დაგეხმარებათ, წარსულში დატოვოთ ყველა სიმძიმე და მწუხარება.
ამისათვის უნდა აიღოთ რამდენიმე სანთელი, რომელთაგან თითოეული იქნება იმის სიმბოლო, რისი გატანებაც გსურთ მიმავალი წლისთვის. დაანთეთ ეს სანთლები შუაღამის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე და სანამ ისინი ბოლომდე ჩაიწვება, რამდენჯერმე გაიმეორეთ: „დაიწვი, მწუხარებავ! დაიწვი, უფულობავ! დაიწვი ავადმყოფობავ!“
ამბობენ, რომ ეს იქნება მძლავრი სიგნალი თქვენი ქვეცნობიერისთვის, რომელიც შეუმჩნევლად გაიძულებთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ დამდეგ წელს ყველა უსიამოვნებამ გვერდი აუაროს თქვენს ოჯახს.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ ყველა სასიკეთო მინიშნების ასრულებას!