თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. მოსახლეობისთვის ტარიფის სხვაობის დასაფარავად სახელმწიფო 105 მილიონ ლარს დახარჯავს და ეს თანხა სამინისტროების დაფინანსების შემცირების გზით გამოიყო, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოში 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 0,035 ლარით გაიზარდა. მთავრობამ ქვეყნის ოჯახების უმეტესი ნაწილისთვის ტარიფის განსხვავების გადახდა გადაწყვიტა. სუბსიდია შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარენ, ეს კი 1,6 მილიონ ოჯახზე მეტია.
„ეს თანხა სამინისტროებიდან მისხალ-მისხალ ავაგროვეთ. სახელმწიფო დაფინანსების დაკლება თითქმის ყველა სამინისტროს შეეხება. სამწუხაროდ, ფუფუნება არ გვქონდა, რომ რომელიმე ერთი სფერო აგვერჩია და გვეთქვა, 100 მილიონით ამას ვამცირებთ და ჩავანაცვლებთ სუბსიდირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეს უწყებებისთვის მტკივნეული იყო, რადგან ზედმეტი ფული არავის აქვს და ყველა ხარჯი ისედაც მინიმუმამდეა შემცირებული.
გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს>>
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული თანხა მოაკლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ფული სხვა სამინისტროებსაც დააკლდა.