თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა და ობიექტი მზადაა სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა Facebook–ზე პირდაპირი ჩართვის დროს.
ახალ სპორტის სასახლეს საძირკველი ოთხი წლის წინ 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა.
შენობაში ორი დარბაზია - დიდი გათვლილია 1500 მაყურებელზე, ხოლო მცირე - 500 ადამიანზე. აქ შესაძლებელი იქნება ტურნირების ჩატარება ხელბურთში, ფრენბურთში, ფუტსალში, ჭიდაობაში, ძიუდოში - სულ სპორტის 12 სახეობაში.
გარდა ამისა, ახალ სასახლეში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა რიგ დისციპლინებში.
სპორტის სასახლის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 25 მილიონი ლარი გამოიყო.
სამშენებლო სამუშაოები კანადურმა კომპანია Behlen Industry-მ განახორციელა.