თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თებერვალში დაკავებულ ჩინელ ჟურნალისტ ქალს, რომელიც უჰანში კორონავირუსის აფეთქებას აშუქებდა, სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება სააგენტო Reuters.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი ჩჟან ჩჟანი ერთი წლის წინ პირდაპირ ტრანსლაციებს გადასცემდა უჰანიდან მაშინ ჯერ კიდევ „უცნობი ვირუსული პნევმონიის“ შესახებ.
ოფიციალურად ჩჟანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პრობლემური სიტუაციების შექმნაშია ბრალდებული.
ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც თებერვალში სოციალური ქსელებით მისი ტრანსლაციის ფრაგმენტები და ხელისუფლების კრიტიკის შემცველი კადრები გავრცელდა.
როგორც AFP წერს, 37 წლის ჩჟან ჩჟანმა ივნისში შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად და მას შემდეგ ქალს იძულებით კვებავენ მილით.
სასამართლო სხდომაზე განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ჟურნალისტის დედაც. მისი თქმით, მკაცრი განაჩენის შემთხვევაში ჩჟანი შიმშილობის გაგრძელებით იმუქრებოდა და ქალი შიშობს, რომ მისი შვილი შეიძლება დაიღუპოს.
ამ დროისათვის ჩინეთში ამა თუ იმ სახით რვა ადამიანია დასჯილი კორონავირუსთან დაკავშირებული ჟურნალისტური საქმიანობისთვის.